ორი ავტორის ფესტივალი – alla KONTRAPUNKT გაიმართება

9-15 მაისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენს ორი ავტორის ფესტივალს – alla KONTRAPUNKT.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალ alla KONTRAPUNKT-ის ფარგლებში დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის 5 კონცერტი გაიმართება.
9 მაისს, 20:00 საათზე,  კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი, დირიჟორი – კახი სოლომნიშვილი.
პროგრამაშია: გია ყანჩელი – სევდა ნათელი ორი დისკანტის, ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის, დმიტრი შოსტაკოვიჩი – სიმფონია N5, D Minor, თხზ.47. ფესტივალის გახსნას კომპოზიტორის მეუღლე ირინა ანტონოვნა შოსტაკოვიჩი დაესწრება.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას ცნობილი მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ: იულიან მილკისი (კლარნეტი), გიორგი ცაგარელი(ალტი), ქსენია ბაშმეტი (ფორტეპიანო), ანდრეა კორტესი (ვიოლინო), სერგეი ნაკარიაკოვი (საყვირი), მარიამ მეეროვიჩი (ფორტეპიანო), ბორის ანდრიანოვი (ჩელო); ასევე კამერული ორკესტრი Georgian Strings, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი და ნინო წიკლაური, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი; კონცერტებს კახი სოლომნიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებენ.
12 მაისს კი, რუსთველის თეატრის დიდი დარბაზი მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს. გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი შეასრულებს.
ფესტივალი 15 მაისს ოპერის თეატრში დაიხურება, ალტისტი გიორგი ცაგარელი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გაერთიანებული საფესტივალო გუნდი გია ყანჩელის STYX-ს შეასრულებენ, სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი. ასევე შესრულდება დმიტრი შოსტაკოვიჩის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის N1, სოლისტი – ბორის ანდრიანოვი.
ფესტივალის გენერალური პარტნიორია ხელოვანთა კავშირი “CONCEPTART”;
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კომპანია ბადაგონი, იტალიის საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები