„ეროვნული სასახლე“ – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეზე ფილმს იღებენ
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეზე ფილმს იღებენ. როგორც „კვირას“ სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ განუცხადა, ეს იქნება ისტორიული სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმი „ეროვნული სასახლე“, რომელშიც შენობის ისტორია აისახება.
„ფილმის რაკურსი არის შენობა, მისი ისტორია, როგორ აშენდა, რა მოვლენები განვითარდა. ამ ორი საუკუნის მანძილზე რა ნახა და გადაიტანა. 1802 წელს აშენდა, როგორც მთავარმართებლის სახლი… 1917-1921 წლებში სასახლეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა. 1921 წლიდან შენობას საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე ეწოდა. ამ შენობაში საქართველოს და ამიერკავკასიის ისტორია წყდებოდა. მარტო საქართველოს რესპუბლიკა კი არა, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაც აქ გამოცხადდა. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციაც აქ მიიღო…
1941 წლის 2 მაისს აქ გაიხსნა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. ამ დიდ ისტორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 76 წლის ისტორიაც შედის, აქედან იწყებოდა თავის დროზე გოლოვინის პროსპექტი, რუსთაველის პროსპექტის არქიტექტურის და ანსამბლის განუყოფელი ნაწილია დღესაც…
შარშან იყო სასახლის 75 წლისთავი. წელს, 2 მაისს, შენობა 76 წლის გახდა. მომავალ წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი სრულდება. ამიტომ თვითონ შენობა არის ძალიან დიდი მნიშვნელობის კულტურული ძეგლი და გადაწყდა შენობაზე ფილმის გადაღება“, – განუცხადა „კვირას“ თიკა რუხაძემ.
მისივე თქმით, გამოცხადდა კონკურსი ფილმზე, გარკვეულმა კომპანიამ მოიგო ტენდერი. ახლა მიდის გადაღებები. ერთი ეტაპი დასრულდა, დაინიშნა დამატებითი გადაღებები. უახლოეს ხანში ფილმი საბოლოო სახე მიიღებს და მერე წარდგინებაც გაიმართება.
„ეს იქნება სასახლის საიმიჯო ფილმი, რომელსაც ყველა დროის ყველა სტუმარს, ტურისტს თუ არატურისტს ვუჩვენებთ. სწორედ ეს დიდი ისტორიის მქონე შენობა განაპირობებს განსაკუთრებულობას, ასევე დავარქვით „ეროვნული სასახლე“.
თიკა რუხაძის განცხადებით, მალე ფილმთან ერთად, კატალოგიც დაიბეჭდება.
„კვირას“ სტუდია „პიონერფილის“ ხელმძღვანელს გრიგოლ ჩიგოგიძესაც ესაუბრა.
მისი თქმით, სატელევიზიო ფილმში სასახლის შესახებ „პიონერფილმის“ შესახებ ფრაგმენტები გადაიღეს, გათამაშდა სცენა ძველი კინოკამერით, ვითომ ძმები ლუმიერები მოდიან და იღებენ ფერად-ფერად კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს…
აღსანიშნავია, რომ „პიონერფილმს“, სადაც ამჟამად 80-მდე ბავშვია გაერთიანებული, 2019 წელს 60 წელი უსრულდება.
მინიმუმ 40-წუთიან ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალები. ცნობილი მეცნიერების, არქიტექტორების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, სპორტსმენების… საუბრები. ასე რომ, ფილმი მიმოხილვითი ხასიათის იქნება.