ზვიად კვაჭანტირაძე: უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო

„უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ჩამოსვლას.
როგორც ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, იგი იური ლუჟკოვის განცხადებებს თვალყურს ადევნებს და მოსკოვის ყოფილი მერის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუღებლად მიაჩნია.

„ძალიან ნუ დაგვამადლის ბატონი ლუჟკოვი პირველი სკოლის აღდგენაში დახმარებას, რადგანაც არც ის სამარცხვინო სამოქალაქო ომი მომხდარა მაგათი ჩარევის გარეშე, რის შედეგადაც პირველი სკოლა და ნახევარი თბილისი გადავწვით მაშინ.
დღეს ჩამობრძანდა და მავნებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს.
რაც არ უნდა თქვან და გააკეთონ, ლუჟკოვი, ლავროვი და მსგავსნი ვერასდროს ჩამოიშორებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ვერ შეგვაჩვევენ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას.
უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო. პირადად ჩემთვის, ასეთი განცხადებების შემდეგ, იგი უკიდურესად არასასურველი სტუმარია.
ჩვენ კი ხვალაც მივიღებთ და ვუმასპინძლებთ იმათ, ვისაც საქართველოში მოგზაურობა პროვოკაციებისთვის არ ესაჭიროება. ეს ჩემი პირადი პოზიციაა“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ოთხი დღის წინ სომხეთიდან ტურისტის სტატუსით ჩამოვიდა.
რაც შეეხება, იური ლუჟკოვის განცხადებებს, მოსკოვის ყოფილ მერთან ექსკლუზიური ინტერვიუ „მოამბემ“ ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები