იური ლუჟკოვი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, – განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რაც შეეხება ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლას იმ ფონზე, როდესაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდანაა ნამყოფი და დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, იური ლუჟკოვი ამბობს, რომ კანონის შესახებ სმენია, თუმცა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა, მისი დოკუმენტაცია კი წესების შესაბამისად შემოწმდა.

„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო – ყველა უთანხმოება – წარსულში უნდა დარჩეს“, – აღნიშნა ლუჟკოვმა.

​მოსკოვის ყოფილმა მერმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, – განაცხადა ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ოთხი დღის წინ, საქართველოში ტურისტის სტატუსით სომხეთიდან ჩამოვიდა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა, რის გამოც მესაზღვრეებს სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები