მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდმა შეცდომა დაუშვა, რადგან გიორგი მამალაძის წერილი არ განიხილა
შეცდომას დავარქმევდი იმას, რომ წმინდა სინოდმა არ განიხილა დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„წერილი ძალიან საინტერესო შინაარსისაა. რაც შეეხება იმას, რატომ არ განიხილა სინოდმა, მე დავარქმევდი ამას შეცდომას, ისევე, როგორც შეცდომა იყო სრული ნდობის გამოცხადება პროკურატურისათვის, ისევე, როგორც შეცდომა იყო ზოგადად ხელისუფლებისგანაც და ეკლესიისგანაც ამ სპეცოპერაციაში თანამონაწილეობა. სანამ ამ შეცდომას არ ვაღიარებთ ჩვენ და ისევ შეცდომით გავაგრძელებთ არსებული კრიზისიდან გამოსვლას, ვფიქრობ, რომ შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ბრალდებულის წერილი მას წმინდა სინოდის სხდომის წინა დღეს, გადასცეს. მეუფე პეტრეს განცხადებით, სინოდის სხდომა ისე დასრულდა, რომ წერილთან დაკავშირებით ინტერესი არავის გამოუხატავს, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის გარდა, რომელმაც, მისი თქმით, რეპლიკის დონეზე გამოხატა წერილის მიმართ ინტერესი. მისი ინფორმაციით, წერილის შესახებ მისთვის არაფერი უკითხავს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დემეტრეს.
„მეუფეს ჩემთვის ეს შეკითხვა არ დაუსვამს, ჩემდა გასაკვირად და მეც არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თავს მომეხვია მისთვის ინტერესი და შინაარსი ამ წერილისა, რამეთუ მას შეეძლო, თავად ადვოკატებს შეხვედროდა და მოესმინა მათი პირითვე ის, რაც წერილში წერია“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ განცხადება გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი ბრალდებულს პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი და ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დანაშაულის მონაწილეებად უნდა დაესახელებინა.