რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი “ლეგენდა მედეაზე” გაიმართება

ხვალ, 7:00 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი “ლეგენდა მედეაზე” გაიმართება.

სპექტაკლი, რომელშიც 16 ბავშვი და მათ შორის, 14 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მონაწილეობს, სცენაზე ხვალ პირველად დაიდგმება. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე, ჩვეულებრივი საჭიროების და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.

სპექტაკლის რეჟისორის ირა კოხრეიძის მიზანია, საზოგადოებას შშმ პირების შესაძლებლობები დაანახოს და მიახვედროს, რომ მათ ნამდვილი ხელოვნების შექმნა შეუძლიათ.
“სპექტაკლზე ჩვენმა ერთობლივმა შემოქმედებითმა მუშაობამ, ვფიქრობ მეტად გახსნა ბავშვებში ინტერესი
ხელოვნების მიმართ, მათ გამოავლინეს ინდივიდუალიზმი და ნიჭი სასცენო ხელოვნებაში. ვფიქრობ, რომ შედეგი არის გუნდური ურთიერთობა და მუშაობა ერთმანეთთან, რაც აძლევს საშუალებას სპეციალური საჭიროების მოზარდებს, შემოქმედებით ჯგუფს და მათ შორის მეც, განავითაროს ახალი მიმართულება ხელოვნებაში, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე პირებს მიეცემათ შესაბამისი გარემო და საშუალება
რათა გამოავლინოს სრულგასოვნად თავიანთი ნიჭი საზოგადოების წინაშე”, აცხადებს რეჟისორი.
“5 თვეა ვმუშაობთ სპექტაკლ “ლეგენდა მედეაზე”. ეს არ არის ევრიპიდეს “მედეა”. სცენარი რეჟოსორის ხედვაზეა მორგებული და ორგინალთან შედარებით ცოტა გადასხვაფერებულია. ამ ბავშვებთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გვაქვს. შარშანაც დავდგით მათი მონაწილეობით სპექტაკლი “მოგზაურობა”, – განაცხადა რეჟისორის ასისტენტმა გიორგი მიქაბერიძემ.
მიქაბერიძის განმარტებით, ბავშვები მოტივირებულები არიან და საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მათ ძალიან დიდი ემოციური კავშირი აქვთ თეატრთან. შშმ ბავშვების ნაწილი სხვა სცენაზეც თამაშობს და თავს უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობად თვლის, ნაწილს კი უნდა პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდეს.
“მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ამ ბავშვებს თავისებური სამყარო აქვთ. ძალიან ინდივიდუალურები არიან. მუშაობის პროცესი სტანდარტული არაა და ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს. ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია მათი მონაწილეობით ნამდვილი ხელოვნების შექმნა. არ გვინდა, ამ ბავშვების უბრალოდ საზოგადოებისთვის წარმოჩენა. ბევრი ფიქრობს, რომ მათი ინტეგრაციისთვის მხოლოდ სცენზაე დგომა და უბრალო ზეიმების ჩატარება საკმარისია. რეალურად კი ეს ასე არაა. ჩვენ მათი მონაწილეობით ხელოვნებას ვქმნით,” – დასძინა მიქაბერიძემ.
სპექტაკლში მონაწილე ყველაზე პატარა მსახიობი 13 წლისაა, ყველაზე დიდი – 25 წლის. პრემიერაზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. დარბაზის ნახევარი სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეთმობათ, რომლებსაც მოსაწვევები დაურიგდათ.

საზოგადოებას სპექტაკლს ფონდი “ნიკე – თანამედროვე განვითარებისათვის”, რუსთაველის
თეატრის მხარდაჭერით წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები