„ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“: საიუბილეო-საგასტროლო ტურნეს ბათუმი უმასპინძლებს

8 მაისს, 19 საათზე, საიუბილეო-საგასტროლო ტურნეს „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენის“ ფარგლებში, ბათუმი უმასპინძლებს.   როგორც „კვირას“ შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი სავანელმა განუცხადა, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე დაიდგმება სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ და  ილიას შესახებ გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის მერია. დასწრება თავისუფალია!
2017 წელს ქართველთა სიმბოლურ ეროვნულ ხატად ქცეული ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან სრულდება 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობებში, წელს პირველი პრეცედენტია, როდესაც ილიას იუბილე მასშტაბურად და რეგიონების ჩართულობით აღინიშნება. სამწუხაროდ, ილიას საიუბილეო თარიღები არც 1997 და არც 2007 წელს მინიმალურადაც კი არ აღნიშნულა, ამიტომ წლევანდელ აქტივობას განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.
შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ ახორციელებენ პროექტს – საიუბილეო საგასტროლო ტურნე „ილია ჭავჭავაძე 180 – უკვდავების ფენომენი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მუნიციპალურ ცენტრებსა და თვითმმართველ ქალაქებში პროექტის ფარგლებში – ილიას თემაზე, უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე, თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენას, რომელშიც გაერთიანებულია სკულპტურის, ფერწერისა და ხატწერის ნიმუშები; და, სპექტაკლის „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენას, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ახალი დრამატურგიული და სცენური ნაწარმოებია.
პროექტი, 3 აპრილს, ქუთაისიდან დაიწყო. საიუბილეო პროექტის ფარგლებში ღონისძიებები უკვე ჩატარდა  ქუთაისში, ახალციხის, მარნეულის, გარდაბნის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის პარტნიორები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საპატრიარქო, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობები. მედიამხარდამჭერები კი – ტელეკომპანია „იბერია“ და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები