თბილისის კონსერვატორია – 100: ელისაბედ (ლიზა) ლეონსკაიას კონცერტი გაიმართება

კვირას, 7 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი ღონისძიება, ცნობილი პიანისტის ელისაბედ (ლიზა) ლეონსკაიას კონცერტი გაიმართება. ლიზა ლეონსკაია თბილისში დაიბადა, დაამთავრა მეორე მუსიკალური სასწავლებელი, რის შემდეგაც სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში განაგრძო.
ამჟამად ის ავსტრიაში, ვენაში მოღვაწეობს, სადაც მიენიჭა უმაღლესი სახელმწიფო ორდენი – ავსტრიის I ხარისხის “საპატიო ჯვარი“ მეცნიერებასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.
ლიზა ლეონსკაია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს დახმარების ხელი გაუწოდა და მათ მხარდასჭერად საქველმოქმედო ფონდი SOLO დააარსა. ფონდის არსებობის მანძილზე 100-ზე მეტმა ნიჭიერმა შემსრულებელმა მიიღო დაფინანსება. პროგრამაშია შუბერტის სონატები: სონატა ლა მინორი, D 537 სონატა ლა მინორი, D 845 სონატა სი-ბემოლ მაჟორი, D 960 თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას წელს, 1 მაისს, დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. თბილისის კონსერვატორია პირველი უმაღლესი სასწავლებელია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია: „თი-ბი-სი ბანკი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები