ირაკლი კობახიძე: რუსეთი პრაგმატულად რომ უყურებდეს საკითხს, მის ინტერესებში შევიდოდა საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება

ამბროლაურში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის საგარეო კურსზე და რუსეთის ფაქტორზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან პოლიტიკური დაპირისპირება ხალხებს შორის ურთიერთობებზე უარყოფითად არ უნდა აისახოს. ”საქართველოს საგარეო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და ეს საკითხი აისახა კონსტიტუციაშიც. ცალკე მუხლი დაეთმო საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს ჩვენი კურსი არის ურყევი. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ვიცით, ჩვენ აქ რა სირთულეები და რა პრობლემები გვაქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ პრობლემები, თუმცა ეს იოლი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ, პრობლემების მიუხედავად, არის შენარჩუნებული ხალხებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა და ის დაპირისპირება, რაც არსებობს რუსეთის ხელისუფლებასთან, არ გადადის ხალხებს შორის. უამრავი ტურისტი ჩამოდის. იცით, პროპაგანდა იყო რუსეთში, რომ თითქოს საქართველოში მათ მიმართ აგრესიაა. ჩამოდიან ჩვენთან რუსები და რწმუნდებიან, რომ ხალხებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რუსეთი პრაგმატულად რომ უყურებდეს საკითხს, მის ინტერესებში შევიდოდა საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება, თუმცა მათი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ არის პრაგმატული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები