ირაკლი კობახიძე: პარლამენტში მაღალია აგრესიის ხარისხი, აგრესია, საფერფლის სროლის გარდა, სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გამოიხატება

„ძალიან მძაფრი წინააღმდეგობა არსებობს ოპონენტებს შორის, თუმცა შეურაცხყოფა განსაკუთრებით, არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო- სახალხო განხილვის დროს განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე წუხს იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია აგრესიის ხარისხი. მისი თქმით, აგრესია, საფერფლის სროლის გარდა, გამოიხატება სიტყვიერ დაპირისპირებაშიც.
„საფერფლის სროლა ეს ერთი საკითხია, თუმცა აგრესია სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გამოიხატება, არის ხშირად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ აგრესიის ხარისხი საქართველოს პარლამეტში. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი. ჩვენ გვქონდა ძალიან აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია. იქაც იყო ათასგვარი სიტყვიერი დაპირისპირება. ვცდილობთ, აბსოლუტურად სხვა ხარისხში გადავიყვანოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან მძაფრი წინააღმდეგობა ოპონენტებთან და მათაც აქვთ წინააღმდეგობა ჩვენთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ აგრესიულები. არ უნდა იყოს შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში. აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს და იმედი გვაქვს, რომ გამოგვყვებიან ჩვენი ოპონენტებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები