პატრიარქი: წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში  მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. თითქმის, არ არსებობს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.
მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენს სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან, იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა.
საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც მიულოცა.
„მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში.
ასევე, ვულოცავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ატარებს წმინდა გიორგის სახელს. ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მრავალჟამიერი სიცოცხლე”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები