ორჰან ფამუქის რომანის – „ჩემი უცნაური ფიქრების“ წარდგინება გაიმართება

8 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ორჰან ფამუქის რომანის – „ჩემი უცნაური ფიქრების“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „დიოგენედან“ აცნობეს, რომანს წარადგენენ: თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და მთარგმნელი ეკატერინე ახვლედიანი.
კვლავ საყვარელი ქალაქის – სტამბოლის თემას უბრუნდება და მთავარი გმირის თავგადასავლის აღწერის ფონზე აცოცხლებს ქალაქის ცხოვრების თითქმის 40 წლის (1969-დან 2012-მდე) ისტორიას.
მთავარი გმირი, მევლუდი, ანატოლიის უღარიბესი სოფლიდან 12 წლის ასაკში ჩამოდის სტამბოლში, რათა ამ ქალაქში ადგილი დაიმკვიდროს. მევლუდი სიმდიდრეს ვერ მოიხვეჭს, მაგრამ, სამაგიეროდ, სტამბოლის ქუჩების მესაიდუმლე ხდება. ის ქუჩებში ტრადიციულ თურქულ სასმელს, ბოზას ჰყიდის.
მისი თვალით ვხედავთ ქალაქის გარეუბნების ცხოვრებას და მასთან ერთად განვიცდით უკანასკნელი ათწლეულების თურქეთის ისტორიის პერიპეტიებს – მოვლენებს, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვა როგორც სტამბოლზე, ისე იმ ადამიანების გულებში, რომლებსაც უყვართ ეს ქალაქი და ემსახურებიან მას. სწორედ სტამბოლის ქუჩები აღუძრავს მევლუდს უცნაურ ფიქრებს, ეს ქუჩები ეხმარება, გაუმკლავდეს თავისი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას და მიაგნოს ცხოვრების საზრისს…
რომანი სერია ET CETERA-ს ეგიდით გამოიცა. თურქულიდან თარგმნა ეკა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები