„ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანას მოითხოვს
„ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი „ელიავას პარკი“, სამშენებლო მასალების ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანას ითხოვს. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ, ეკატერინე ჯგუშიამ აღნიშნა, არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომელშიც საუბარია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აღემატება.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ბაზრობის მიმდებარედ, სამშენებლო მასალების მტვერის გამო, ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობენ და აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის გაშენებას ითხოვენ.
„ გამოფენა ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე არის ღია სივრცე, სადაც წლებია უკვე, სამშენებლო მასალები, გაჯი, ცემენტი , ხრეში იყიდება, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია , ადამიანები დაავადდნენ ალერგიით, დაუავადდათ სასუნთქი გზები, იფრქვევა ტოქსიკური ნარჩენები. იქ არის სამშენებლო საამქროები, არის ანტისანიტარია და საშინელი ხმაური, ტრაილერების ძალიან დიდი რაოდენობა… ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჯანმრთელ გარემოში ვცხოვრობდეთ. გადაიტანონ ეს ბაზრობა ქალაქგარეთ, სადაც ნაკლებად ახლოს იქნება მოსახლეობასთან და არა იქ, სადაც მოსახლეობა ასე მჭიდროდაა დასახლებული. წლების განმავლობაში, წერილებით მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციას, გვქონდა ბევრი აქციაც, არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2010 წლის დასკვნა, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აღემატება. იმედი გვაქვს, რომ გენგეგმაში ჩანაწერის მიხედვით, იქ გაშენდება სარეკრეაციო ზონა. მოვაჭრეებისა და მუშებისთვის მოვითხოვთ ალტერნატიულ ფართს, რომ მათი შრომითი უფლებები შეზღუდული არ იქნეს“, – განაცხადა ეკატერინე ჯგუშიამ.