რა ეტაპზეა ახალი ზოოპარკის მშენებლობის პროცესი და რა თანხა დასჭირდება მის დასრულებას

​თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურა გურიელიძემ, ზოოპარკში ჩატარებულ აღდგენით ღონისძიებებზე და ახალ ზოოპარკში მიმდინარე მშენებლობების შესახებ ისაუბრა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერების მშენებლობა დაწყებულია. ამ დროისთვის, უკვე დამთავრებულია დათვებისა და მგლების ვოლიერები. ამჯერად, ვოლიერები ირმების და ნიამორებისთვის შენდება. გურიელიძის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ახალი ზოოპარკის აშენებას საკმაო პერიოდი დასჭირდება, მუშაობა ორივე ზოოპარკში მიმდინარეობს. ახლის აშენებამდე, საჭირო იყო ძველი ზოოპარკის აღდგენა.
„ ძველი ზოოპარკის განახლების შემდეგ, აშენდა საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ახალი ვოლიერები . გარდა ამისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებიდან ჩამოყვანილი იქნა ახალი ცხოველები. რაც შეეხება ახალ ზოოპარკს, დათვები და მგლები უახლოეს დღეებში უკვე ახალ ტერიტორიაზე, მათთვის აშენებულ ახალ ვოლიერებში გადავლენ . შენდება ვოილერები ირმებისა და ნიამორებისთვის. ირმები და ნიამორები საქართველოში გაქრობის პირას არიან, ამიტომ ვაპირებთ, გავამრავლოთ ეს ცხოველები და შემდეგ უკვე დავაბრუნოთ ბუნებაში.
ახალი ვოლიერები კონცეპტუალურადაც და ფუნქციურადაც განსხვავებულია, თითოეულის ფართობი 1 ჰექტარზე მეტი გახლავთ, მათი პრინციპული დანიშნულება არამარტო ის არის, რომ დამთვალიერებელს გააცნოს ცხოველები, არამედ ისიც, რომ გარკვეული კონსერვაციული საქმიანობა იწარმოოს“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
​რაც შეეხება ახალი ზოოპარკის აშენების თანხებს და ვადებს, გურიელიძის თქმით, მშენებლობის ვადა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ახალი საერთაშორისო კლასის ზოოპარკის მშენებლობისთვის კი ჯამში, 400 მილიონია საჭირო.
„ახალი ზოოპარკის აშენების ვადა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. რა პროექტიც გვაქვს ჩაფიქრებული, მთლიანად რომ მოხდეს ამ პროექტის მიხედვით აშენება, ამისათვის საჭიროა 40 მილიონი დოლარი. ჩვენ მივიღეთ გრანტი გერმანიის თანამეგობრობის საზოგადოებისგან, ჯი აი ზეტ-ისგან, ამ თანხით ახალი ვოლიერები აშენდა. გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტიც , რაც ასევე, ახალი ვოლიერების მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული. მერიასთან ერთად, ვმუშაობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ვამზადებთ პროექტებს, რომ წარვადგინოთ დაფინანსებისთვის. დაპროექტებულია კომუნიკაციები, ვიცით უკვე საიდან რა უნდა შევიყვანოთ, დაპროექტებულია ვოლიერების ნაწილი … სწორედ ეს იქნება წარდგენილი უახლოეს ხანებში მუნიციპალური განვითარების ფონდში დაფინანსებისთვის“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები