თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი ნორვეგიელ სტუმრებს უმასპინძლებს

თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ნორვეგია იქნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 25 და 26 მაისს, ნორვეგიული ფონდი NORLA – Literature abroad-ის წარმომადგენელი დინა როლ-ჰანსენი და ოთხი ნორვეგიელი მწერალი: როსკვა კორიცინსკი, სიგბიორნ მოსტუე, სიმენ ეკერნი და ნილს ჰენრიკ სმითი მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ.
ფესტივალის დღეებში არაერთი საინტერესო ნორვეგიულ-ქართულ ღონისძიება ჩატარდება.
NORLA – 1978 წელს დაარსდა და ნორვეგიის კულტურის სამინისტრო აფინანსებს. ლიტერატურის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფონდია, რომელიც ნორვეგიული ლიტერატურის საერთაშორისო მასშტაბით თარგმნას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
NORLA-ს მთარგმნელობითი სუბსიდიები მიზნად ისახავს უცხოელი გამომცემლების მოზიდვას ნორვეგიული მხატვრული ტექსტებისა თუ დოკუმენტური პროზის სათარგმნად. 2004 წლიდან დღემდე NORLA-ს უშუალო მონაწილეობით 4250 ნორვეგიული წიგნი 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა, ერთი წლის შემდეგ კი ამ სტატუსს საქართველოსგან სწორედ ნორვეგია გადაიბარებს. მანამდე კი, მკითხველებს საშუალება ექნებათ, ფესტივალის სპეციალურ სტუმრებს თბილისში შეხვდნენ, გაიცნონ მათი ლიტერატურა და მოისმინონ პანელ-დისკუსიები, რომლებსაც ისინი ქართველ ავტორებთან ერთად გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები