ჯგუფური გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ გაიხსნება

7 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ჯგუფური გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული გალერეიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი და სომეხი მხატვრების – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ერევნის სამხატვრო აკადემიის რექტორების, პროფესორების: გია გუგუშვილის და არამ ისაბეკიანის, ასევე, ახალგაზრდა თაობის მხატვრების მარიამ გუგუშვილის და არტურ ჰოვანესიანის ნამუშევრები.
„ფერთა ბიბლიოთეკა“ წარმოადგენს სახელოვნებო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის და მეგობრობის პროექტს. იგი, ერთი მხრივ, გააღრმავებს საუკუნეთა სიღრმიდან მომავალი ქართველებისა და სომხების მეგობრობას. მეორე მხრივ კი, გამოკვეთს კიდევ ერთ, განსხვავებულ, თამამ ძიებას, აღრმავებს და განაახლებს იმ ტრადიციულ პროცესს, რომელსაც ქართულ-სომხური მხატვრული სკოლა ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნის ცერემონიაზე არამ ისაბეკიანს მიენიჭება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება.
გამოფენა „ფერთა ბიბლიოთეკა“ 2017 წლის 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები