„ქოლგა თბილისი ფოტო -2017“ 5 მაისს გაიხსნება

„ქოლგა თბილისი ფოტო – 2017“ წლის საუკეთესო პროექტების დაჯილდოების ცერემონიალზე იწვევს დამთვალიერებელს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფოტოფესტივალი 5 მაისს, 20:00 საათზე, გაიხსნება და 10 მაისის ჩათვლით გასტანს. ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნება. გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ Band of Mellow-ის კონცერტი გაიმართება.
კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები. ფოტოკვირეული უმასპინძლებს 15 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორკშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს.
2017 წლის ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“ მრავალფეროვანია, 40 ქვეყნის წარმომადგენლის 5000-მდე ნამუშევარს წარმოადგენს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფების მიერ მრავალფეროვანი ისტორიების ძლიერი ფოტოპროექტებით გადმოცემის თვალსაზრისით გამოირჩევა.
წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და ნომინაცია ჰუავეი მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია. წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები 5 მაისს, „წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან.
ფოტოკონკურს “ქოლგას” საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარს, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი – მობილური ტელეფონი HUAWEI P10, Co-Engineered With Leica მოდელი.
ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცემა პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტო სერიაც ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. პრემიის იდეის ავტორია ფოტოკვირეულის თანაორგანიზატორი თეონა გოგიჩაიშვილი. პრემია დააწესა გერმანელმა ხელოვანმა, Peter Moennig Foundation-isის დამფუძნებელმა პეტერ მიონიგმა. ის, ასევე, Rotary Club Rustavi/Georgia-ს ერთ-ერთი სპონსორია. პრემიალური თანხა 500 €-ს შეადგენს. ამ პრემიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს პროფესიულ განვითარებასა და ფოტოგრაფიის სამყაროში გზის გაკვალვაში.
მისამართი: თამარაშვილის ქ.13; არტსივრცე იპოდრომის პარკში (ძველი იპოდრომი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები