ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი ლეგენდარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს

10-20 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ლეგენდარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  მომღერალი პატი ოსტინი, ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო, ინოვაციური ვოკალური ჯგუფი შვედეთიდან THE REAL GROUP და ქართული ეთნოჯაზ ანსამბლი „ირიაო“, მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან.
ამ თემასთან დაკავშირებით, 3 მაისს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე გაუძღვებიან. ღონისძიებას მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
10 მაისს, 20:00 საათზე, ცნობილი ქართული ეთნოჯაზ ანსამბლი „ირიაო“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს ახალი პროექტით გახსნის. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და მომღერალი სოფო გელოვანი.
13 მაისს, 20:00 საათზე, ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო წარდგება. საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილი იქნება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მაესტრო – ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ტრიოს წევრები არიან: ბობ ჯეიმსი – (კლავიში) ნიკოლა ანგელუჩი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და იური გოლუბევი (კონტრაბასი).
 17 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს სახელგანთქმულ ინოვაციურ ვოკალურ ჯგუფ შვედეთიდან – THE REAL GROUP. ჯგუფის წევრები არიან: ემა ნილსდოტერი, ლიზა ოსტერგრენი, ანდერს ედენტოთი, მორტენ ვინთერი, იანის სტრაზდნისი.
20 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრემის ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული მომღერლის პატი ოსტინის კონცერტით დაიხურება. კონცერტს, რომელიც თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება, მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
ჯ.კახიძის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაფუძნდა 2015 წელს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პირველი ფესტივალი მიეძღვნა დიდი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს.

ფესტივალი მიზნად ისახავს ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით ურთიერთობას თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ასევე, იმ უცხოური თუ ქართული, პოპულარული ნაწარმოებების წარდგენას, რომელთაც წლების განმავლობაში მოიპოვეს მაყურებლის აღიარება.

 ეთნოჯაზ ჯგუფი ,,ირიაო”

სახელწოდება ,,ირიაო“ აღებულია კრიმანჭულის ერთ-ერთი სახელიდან “ირიაო-ურუაო”. ეთნოჯაზ ჯგუფი დაარსდა 2013 წელს. ჯგუფის დამფუძნებელი და მუსიკალური ხელმძღვანელია კომპოზიტორი დავით მალაზონია. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზს მიმართა. ბოლო 30 წლის განმავლობაში დავით მალაზონია ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე, ტელე პროექტებისათვის, სხვადასხვა მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის, მათ შორის, ცნობილი ქართული ჯგუფისათვის “ადიო”.
2015 წელს ჯგუფმა პოლონეთში ჩაწერა პირველი ალბომი “Rogalow Analog Adventures”. ჯგუფი ყოველწლიურად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ჯაზ ფესტივალებს და თავისი რეპერტუარიდან გამომდინარე საუკეთესო გზავნილია საქართველოდან, როგორც ფოლკლორის გააზრების ახლებური მცდელობა.
ჯგუფის წევრები არიან:
დავით მალაზონია – კლავიშებიანი ინსტრუმენტები; დავით ქავთარაძე – ქართული ფოლკ ინსტრუმენტები; შაკო ღელეყვა – ბასი; ლევან აბშილავა – დრამი, პერკუსია; გიორგი აბაშიძე – ვოკალი; ბუბა მურღულია – ვოკალი; მიხეილ ჯავახიშვილი – ვოკალი.
 
ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო

ტრიოს წევრები არიან: ბობ ჯეიმსი – (კლავიში) ნიკოლა ანგელუჩი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და იური გოლუბევი (კონტრაბასი).
1963 წელს ქუინსი ჯონსის მიერ აღმოჩენილი, დღეს უკვე ლეგენდარული მუსიკოსის ბობ ჯეიმსის კარიერა ძალზედ მრავალფეროვანია, მის სახელზეა 58 ალბომი და უამრავი ჯილდო, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.
1980 წელს One – პირველი სოლო ალბომი დაჯილდოვდა “გრემით” საუკეთესო პოპ ინსტრუმენტული შესრულებისთვის და გაიყიდა მილიონზე მეტი რაოდენობით. სწორედ ამ ალბომით ბობ ჯეიმსმა დაამკვიდრა სტანდარტი ე.წ. Smooth Jazz ჟანრში. 1985 წელს ჯეიმსი გადავიდა ვორნერ ბროს რეკორდსში და გამოუშვა წარმატებული ალბომი Double Vision საქსოფონისტ დევიდ სენბორნთან ერთად, რომელმაც მის კარიერაში მეორე “გრემი” დაიმსახურა.
1990 წელს ალბომ Grand Piano Canyon მუშაობისას იგი გაერთიანდა დიდი ხნის მეგობართან დრამერ ჰარვი მესონთან და პირველად შეხვდა გიტარისტს ლი რიტენუარსა და ბას გიტარისტს ნატან ისტს. ეს შეხვედრა გახდა ლეგენდარული ანსამბლის – Fourplay შექმნის დასაბამი. სხვადასხვა შემადგენლობით ანსამბლმა იარსება 25 წელი და გამოუშა 12 ალბომი. მისი წევრები აგრეთვე იყვნენ ცნობილი გიტარისტები ლარი კარლტონი და ჩაკლოები. 2010 წელს ანსამბლს წლის საუკეთესო ჯგუფის წოდება მიენიჭა ამერიკის smoothe jazz დაჯილდოვების ცერემონიაზე.
2011 წელს ბობ ჯეიმსმა ჩაწერა ალბომი ოთხ ხელში ცნობილ იაპონელ ჯაზ პიანისტ კეიკო მაცუისთან ერთად. 2013 წელს მოხდა კიდევ ერთი კოლაბორაცია დევიდ სენბორნთან ალბომში Quartette Humaine. 2015 წელს გამოვიდა ბობ ჯეიმსის პირველი ლაივ ალბომი Live at the Milliken Auditorium. აგამოიცა ნამდვილი შედევრი The New Cool ერთობლივი ალბომი დიდი ხნის კომპანიონთან ნათან ისტთან. ასევე გამოიცა Fourplay-ს 25 წლის საიუბილეო ალბომი “Silver”, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
13 მაისს ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო განსაკუთრებული პროგრამით წარდგება ქართველი მაყურბელის წინაშე, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
THE REAL GROUP

 ინოვაციური ვოკალური ანსამბლი, რომელმაც ხმის, როგორც ერთადერთი ინსტრუმენტის მეშვეობით შექმნა უნიკალური მუსიკალური ექსპრესია ჯაზის, პოპისა და ჩრდილო-ევროპული საგუნდო მუსიკის სფეროში.
ჯგუფი შეიქმნა 1984 წელს და 30 წელზე მეტია მოგზაურობს საკონცერტო ტურნეებით მთელს მსოფლიოში. მათმა ფართო რეპერტუარმა და მუსიკალურმა სრულყოფილებამ გახადა შესაძლებელი ჯგუფის თანამშრომლობა სიმფონიურ ორკესტრებთან, ჯაზ ანსამბლებთან, პოპ ჯგუფებთან და ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან ბარბარა ჰენდრიქსი, ტუუტს ტილემანსი და სერ ჯორჯ მარტინი, ასევე მათი გამოსვლები შევედეთის სამეფო ოჯახისთვის, ფიფას მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კორეაში და სახელმწიფო მოხელეებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იაპონიის იმპერატორის ჩათვლით.
ანსამბლმა გამოსცა 20 დისკი, თავად უწევენ პროდიუსირებას საკუთარ კონცერტებს, სატელევიზიო პროგრამებს და გვევლინებიან რამდენიმე A cappella ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები.
2012- 2013 წლებში ჯგუფმა გამართა საგასტროლო ტურნე საქველმოქმედო პროგრამის „ვარსკვლავი სიცოცხლისთვის” ელჩის რანგში, რათა დახმარებოდნენ შიდსის ვირუსის შესახებ საგანმანათლებლო აქციას სამხრეთ აფრიკაში. ასევე, ისინი ატარებენ ვორკშოპებს და გაკვეთილებს მთელს მსოფლიოში.

 პატი ოსტინი

 გრემის ჯილდოს მფლობელი პატი ოსტინის რეპერტუარი მოიცავს ყველა მუსიკალურ ჟანრს; გამოუშვა  17 სოლოალბომი და შეასრულა ცნობილი ჰიტები გრემის და „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიებზე. როგორც შემსრულებელს, სიმღერების ავტორსა და მომღერალს ვარსკვლავური კარიერა ხვდა წილად, რომელიც 4 წლის ასაკში დაიწყო. იგი ძალზე მალე გახდა მსოფლიოში პოპულარული, მისი ალბომები მუდამ იკავებს წამყვან ადგილებს ბილბორდის ჯაზალბომების ჩამონათვალში. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – Avant-Gershwin დაჯილდოვდა გრემით საუკეთესო ჯაზ ვოკალისტის რანგში.
პატი ოსტინი ჯაზტრომბონისტის გორდონ ოსტინის ქალიშვილი და ლეგენდარული მუსიკოსების ჯონს და დინა ვაშინგტონების ნათლულია. მისი დებიუტი შედგა ვაშინგტონებთან ერთად ნიუ-იორკის ჰარლემის ცნობილ აპოლოს თეატრში. 70-იანებში იგი უდავოდ იყო ნიუ-იორკის სცენების „დედოფალი“: მისი ხმა ჟღერდა ყველას უკან, დაწყებული პოლ საიმონით, კეტ სტივენსით, ჯეიმს ბრაუნითა და ჯო კოკერით, ბეტი მიდლერით, რობერტა ფლეკით, ლუთერ ვანდროსითა და დაიანა როსით დამთავრებული და ასევე ბევრ დასამახსოვრებელ სარეკლამო რგოლში.
80-იანი წლების დასაწყისში პატიმ მოიპოვა უფრო დიდი აუდიტორია ქვინსი ჯონსის ალბომთა სერიაში მონაწილეობით, მათ შორის ისეთ ცნობილ ალბომებში როგორიცაა Stuff Like That, The Dude, From Q With Love Vols. 1&2, სადაც მან შეასრულა გამორჩეული ჰიტი “If This Time Is the Last Time“. მისი ადრეული სოლო კარიერა დაიწყო გრემიზე ნომინირებული ჰიტით “Baby Come To Me,” რომელიც უკვე ცნობილია როგორც დუეტი ჯეიმს ინგრემთან, R&B ჰიტით “The Heat of Heat” და ოსკარზე ნომინირებული სიმღერით “How Do You Keep the Music Playing?”.
ოსტინის 1988 წელს გამოსული სოლო ალბომი The Real Me ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მის კატალოგში, შეიცავს პოპისა და ჯაზის შთამბეჭდავ კოლექციას. 1998 წელს გამოსულმა ალბომმა In and Out of Love თითქმის 2 წელი დაჰყო თანამედროვე ჯაზის ჩარტებში. ხოლო 1999 და 2000 წლებში მან ჩაწერა განსაკუთრებული ალბომი On The Way to Love ვორნერ ბროზერს სტუდიაში.
თავისი ახალი სტუდიური პროექტებითა და საკონცერტო ტურნეებით პატი აგრძელებს კარიერაში საკვანძო ეტაპების შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები