ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში” გაიმართება

4 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში,   ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში” გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია ციკლის: „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში ჩატარდება.
შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები და მათ შორის ხატები,  ძირითადად, სასულიერო პირთა მიერაა შექმნილი. ისინი მოღვაწეობდნენ როგორც ადგილობრივ ეკლესია-მონასტრებში, ისევე უცხოეთის სავანეებში. საქართველოში მათი შემოქმედების ნაყოფი, ძირითადად, სახელმწიფო საცავებშია დაცული, რომელთაგან უმთავრესია საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისის, მესტიის, უშგულის მუზეუმები).  ხატების  ნაწილი ინახება სვანეთის ეკლესია-მონასტრებშიც.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ხატები, რომლებიც სინისა და ათონის მთებზეა დაცული. ისინი ფერწერულია და ბიზანტიური ხატწერის ცნობილ ძეგლთა კატეგორიას ეკუთვნის. მათ გარდა, ქართული ხატები  ევროპის, ამერიკისა და რუსეთის საცავებშიც ინახება.
ლექციაზე საუბარი იქნება უცხოურ კოლექციებში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის იმ უმნიშვნელოვანეს ძეგლებზე, რომლებიც განსაკუთრებით ღირებულია მხატვრულ-შინაარსობრივი თვალსაზრისით და რომელთაც ძალზე ახლო პარალელები ეძებნება, ერთი მხრივ, საქართველოში არსებულ ხელოვნების ნიმუშებთან, მეორე მხრივ კი, ბიზანტიურ ხატებს შორის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები