„მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულით ერთიანდებიან“ – თბილისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ გალაკონცერტი გაიმართა

„მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულით ერთიანდებიან“, – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ გალაკონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ: თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ეციო ბოსსო, სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, პიანისტი ოლივერ პული, ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. კლასიკური მუსიკის შემსრულებლები საკონცერტო მარათონით ქართველი ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ.
თბილისის ოპერის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ეციო ბოსომ უდირიჟორა. შესული თანხით ფონდი სხვადასხვა მძიმე სენით დაავადებულ ახალგაზრდებს დაეხმარება.
კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფონდის მხარდამჭერები და პარტნიორი ორგანიზაციები.
ნინო სურგულაძე
: „ასე მგონია, რომ მაყურებელი ძალიან ბედნიერი იყო, მაესტრო ეციო ბოსსოსთან შეხვედრით, მუსიკით,  განსაკუთრებული გარემოთი. და რაც მთავარია, ისევ დავეხმარებით იმ ბავშვებს, ვისაც თანადგომა ესაჭიროება, ჩვენს ბენეფიციარებს დამატებითი ოპერაციები სჭირდებათ. გვსურს, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“.
კარმენ ჯანატაზიო: „ჩემი მეგობარი ეციო, ოლივერი – ჩვენ, ყველა გავერთიანდით, მომღერლებს გვაქვს საჩუქარი – ჩვენი ხმა, ნიჭი, რომ  სხვებს უნდა გავუნაწილოთ, პირველ რიგში, სიამოვნება მივანიჭოთ მსმენელს და მერე, როგორც სამკურნალოდ გულისა და სულისა. ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებში, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. ჩვენი სიყვარული, გული და სული ამ ბავშვებს, ამ ადამიანებს“.
გალაკონცერტის მთავარი იდეა იყო: ჩვენ – ყველანი კვლავ შევიკრიბეთ, რომ გავერთიანდეთ სიყვარულით სიყვარულისთვის.  მუსიკა კი ის უნივერსალური ენაა, რომელიც აერთიანებს ყველას ამ სიყვარულის გარშემო…
კარმენ ჯანატაზიო – იტალიელი, კერძოდ, ნეაპოლიტანელი, მსოფლიოში აღიარებული სოპრანოა. იგი დღეს საოპერო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია. „დეილი ტელეგრაფმა“ კარმენი თავისი თაობის ერთ ერთ ყველაზე ნიჭიერ სოპრანოდ დაასახელა. კარმენი გამოდის მსოფლიოს წამყვან თეატრებში: „მეტროპოლიტენ ოპერა“, მილანის „ლა სკალა“, ლონდონის „კოვენტ გარდენის“, „შანს ელიზეს“, „არენა დი ვერონას“, ფლორენციის, ვენეციის, ლოს-ანჯელესის, რომის, სეულის და სხვა წამყვან თეატრებში. თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან. კარმენმა შეასრულა ტრავიატას პარტია ცნობილი თურქი კინორეჟისორის ფრანც ოცპეტეკის საოპერო დადგმაში „ტრავიატა“, რომელმაც მომღერალს  პირველი კლასის ღირსეული შემსრულებელი უწოდა.
კარმენი ახლახან წარდგა რომის პაპის წინაშე ვატიკანის „ნერვის“ დარბაზში, სპეციალურ კონცერტზე, რომელიც გადაიცემოდა ტელეკომპანია „რაის“  მიერ მთელ მსოფლიოში.
მისი საოპერო მიღწევებისთვის წელს კარმენი დაჯილდოვდა იტალიის პრეზიდენტისგან იტალიის „ვარსკვლავის კავალერის“ წოდებით.

ასევე კარმენ ჯანატაზიო არის „ბულგარის“ ელჩი, მის ჩაცმულობაზე კი ზრუნავს ცნობილი დიზაინერი, ანტონიო რივა.
ეციო ბოსსო მუსიკოსი, რომელიც 2016 წელს იტალიაში ასი ათასზე მეტი გაყიდული ბილეთით ყველაზე აქტიურ და წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს. ლონდონში მისი ერთ-ერთი კონცერტი წლის უდიდეს მოვლენად ერთხმად აღიარა პრესამ და კრიტიკამ. მაესტრო ეციო ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ასევე ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღვანელია.
დიდი ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი ჯილდო და საერთაშორისო პრემია. მისი მუსიკა სრულდება ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტატს ოპერაში, ფლორენციის, ჰიუსტონის, ბუენოს-აირესის კოლონის თეატრში, სიდნეის ოპერაში და  მსოფლიოს სხვა წამყვან თეატრებში, იგი ასევე თანამშროლობს სონი-კლასიკალთან, სწორედ სონისთან ერთად გამოიცა დისკი მისი კომპოზიციებით. ეციომ ცნობილ კინორეჟისორებთან ტანდემით წლების მანძლზე მრავალი ფილმისათვის დაუვიწყარი კინომუსიკა შექმნა. იგი ასევე ქმნის მუსიკას ბალეტისთვის და თეატრისთვის. შექმნა ტრიოები, კვარტეტები, სიმფონიები და სხვა მრავალი ნაწარმოები.
იმის მიუხედავად, რომ 2011 წელს ეციოს დაუდგინდა უკურნებელი სენი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება, ეციო არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს, ქმნის და გასცემს, უამრავ დადებით ენერგიას და სიყვარულს… მან სიხარულით მიიღო მონაწილეობა თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში, რომ დაეხმაროს დაავადებულ ბავშვებს.
ბრიტანელი პიანისტი და ვირტუოზი, ფონდის მეგობარი ოლივერ პული საქართველოში უკვე  კარგად ცნობილი და საყვარელი შემსრულებელია, მან  „ნატვრის ხის“ თითქმის ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ბავშვების დასახმარებლად.
„ნატვრის ხემ“ გასული ექვსი ღონისძიებით, ქართული საზოგადოების, მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით
და დახმარებით, ორმოცდაათამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე 200 ათასზე მეტი ზარია განხორციელებული და შესული.
ღონისძიების გენერალური პარტნიორია კომპანია „სოკარი“;
მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, „თი-ბი-სი ბანკი“, „აგროჰაბი“, „ალმა“, „თრი დიზაინ რუმსი“, „ისრაელის სახლი“, „თბილი სიო“, tkt.ge.
საინფორმაციო მხარდამჭერები:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „იმედი“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, „ბილაინი“, „ჯეო ლაინი“, „სილქნეტი“, „ჯეოსელი“, „მაგთი“, „ფრონტ ნიუსი“, საინფორმაციო სააგენტო „ევორდი“,  პორტალი „კვირა“.
საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი  „სს  თი-ბი-სი  ბანკი   ა/ა GE18TB7276636080100005;
საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი: 09 01 900 999;  ზარის ღირებულება 1 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები