საქართველოს მონატრებული მუსიკოსი ესპანეთიდან – ალექსანდრე დეტისოვის კონცერტი გაიმართება

5 მაისს, 19:00 საათზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე“ (სანაპიროს ქ. № 4, შენობა 2, სართული 8) თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ და ესპანეთში მოღვაწე მევიოლინის, ალექსანდრე დეტისოვის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ალექსანდრე დეტისოვმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ვიოლინოს სპეციალობა ლ. შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. მას, როგორც სოლისტსა და ანსამბლის შემსრულებელს, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, მათ შორის: კავკასიის რეგიონის მევიოლინეთა მე-5 კონკურსი, I პრემია (1977) და სიმებიანი კვარტეტების კონკურსი, I ადგილი (1979). ალექსანდრე დეტისოვს უთანამშრომლია ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიც არიან: გ. როჟდესტვენსკი, ვ. გერგიევი, დ. კიტაენკო, ნ. გუტმანი, ვ. ტრეტიაკოვი, ი. მენუჰინი, მ. როსტროპოვიჩი, გ. გრაფმანი, ქ. ზახარიასი და სხვა მრავალი.
ალექსანდრე დეტისოვი წლების განმავლობაში იყო კონცერტმაისტერი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრისა, რომელსაც ჯანსუღ კახიძე ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდს უკავშირდება მისი, როგორც სოლისტის აქტიური მოღვაწეობა და სწორედ ამ დროს შეასრულა ბახის, ვივალდის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, სიბელიუსისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. ასევე აღსანიშნავია ი. ბარდანაშვილის, გ. ჯაფარიძის, ა. ლემანის, ა.მაჭავარიანის, ს.ცინცაძის, გ.შავერზაშვილის, ვ.აზარაშვილის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების მის მიერ შესრულებული პრემიერები.
ალექსანდრე დეტისოვი ყოველთვის აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში ცხოვრების პერიოდში ვიოლინოს პედაგოგად მუშაობდა კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში. 1980-83 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, ვ. კლიმოვის ასისტენტი. 2004-2007 წლებში ალექსანდრე დეტისოვი სამუსიკო სკოლის, „Reina Sofia“-ს (ესპანეთი) პროფესორი იყო. დღესდღეობით იგი მასტერკლასებს ატარებს როგორც ესპანეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ალექანდრე დეტისოვი გახლდათ კონცერტმაისტერი მოსკოვის სახელმწიფო სმფონიური ორკესტრისა, როდესაც ორკესტრს ვ. დუდაროვა და პ. კოგანი ხელმძღვანელობდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ „მოსკოვის ვირტუოზებთან“ ერთად მისი 8-წლიანი საკონცერტო ტურნეები ესპანეთში, რომელიც თავად სამეფო ოჯახის მიწვევით იმართებოდა. 1998 წელს კი ალექსანდრე დეტისოვი მიიწვიეს მადრიდის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერად და დღემდე იგი, როგორც მევიოლინე და დირიჟორი აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს ესპანეთში. ის ასევე  პირველი ვიოლინოა მის მიერ დაარსებული სიმებიანი კვარტეტისა „დეტისოვი“, რომელიც ესპანეთის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში ხშირად მართავს კონცერტებს.
ალექსანდრე დეტისოვიუკვე 20 წელიწადზე მეტია ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. საქართველოს მონატრებული მუსიკოსი მას შემდეგ პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისათვის და „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მოცარტის და შუბერტის ნაწარმოებებს შეასრულებს.
„კონცერტზე დასწრება თავისუფალია 5 მაისს მუსიკის მოყვარულებს ვეპატიჟებით „სინფონიეტა სთეიჯიზე“, იქ, სადაც მუსიკა ცხოვრობს!“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები