კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება

1 მაისს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას  დაარსებიდან 100  წელი უსრულდება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, იუბილესთან დაკავშირებით, 1 მაისს, 18:00 საათზე, დიდ დარბაზში კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება და მაისის ბოლომდე გასტანს.
გახსნის დღეს საზოგადოების წინაშე წარდგება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი და გუნდი; დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი.
მაისის თვის საიუბილეო ფესტივალი 15 ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის 26 მაისის მთავარ ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში – „კონსერვატორიის საიუბილეო გალაკონცერტი მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი“.
თბილისის კონსერვატორია პირველი უმაღლესი სასწავლებელია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება.
ფესტივალის მხარდამჭერია: „თი-ბი-სი ბანკი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები