დუბლინში მესამედ ჩატარდა მულტიკულტურული ცეკვის ფესტივალი – ფოტორეპორტაჟი

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში უკვე მესამედ ჩატარდა მულტიკულტურული ცეკვის ფესტივალი SaBaS. ფესტივალს პირველად  2014 წელს ირლანდიაში მოღვაწე ქართველმა ქორეოგრაფმა, ლაშა საბაშვილმა  ჩაუყარა საფუძველი და მისივე ორგანიზებით,  წელს მესამედ ჩატარდა.
როგორც თავად ლაშა საბაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ფესტივალზე, ყოველწლიურად 10 სხვადასხვა ქვეყნის ცეკვის ანსამბლი მონაწილეობს და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ცეკვები სრულდება.
ფესტივალში ყოველ წელს წარმატებით მონაწილეობს ლაშა საბაშვილის მიერ დაფუძნებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი National Rhythm of Georgia  („ქართული ხალხური რითმები“).
„ფესტივალმა სახელი დაიმკვიდრა ირლანდიულ ფესტივალთა შორის და წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალს ესწრებოდნენ ქალაქ დუბლინის საბჭოს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და კონსული ბატონი დავით ჯავახიშვილი“, – აღნიშნა ლაშა საბაშვილმა.
ლაშა საბაშვილის მოღვაწეობა ირლადიაში მხოლოდ ქართული ცეკვის ანსამბლის National Rhythm of Georgia-ს და ზემოთ ხსენებული ცეკვის ფესტივალის SaBaS დაფუძნებით არ შემოიფარგლება. მის სახელს უკავშირდება ცეკვის პროექტი STRICTLY COME DANCING, რომლის მთავარი დამდგმელი ქორეოგრაფიც იყო ორი წლის განმავლობაში. ასევე მის ინიციატივითა და ორგანიზებით, 2016 წლის 16 ოქტომბერს, ირლანდიის ქალაქ დუბლინში პირველად აღინიშნა და ტრადიციად დამკვიდრდა თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
26 მაისს, ლაშა საბაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი მასშტაბური  ღონისძიება გაიმართება, რომელზეც იგეგმება: ქართული „სამოსის სახლის“ მიერ შექმნილი ეროვნული სამოსის ცოცხალი ჩვენება, სახელმწიფო ანსამბლების მოცეკვავეებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ ქართული ცეკვების პროგრამა, რომლებსაც სცენაზე ცეკვით შეჯიბრი მოუწევთ ირლანდიური ცეკვის უბადლო შემსრულებლებთან. ფესტივალის ფინალური ნაწილი კი ბენდ ”ურსას” დაეთმობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები