ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი გაიხსნება

27 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში (ცინცაძის ქ. 63) ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დარბაზში ნოდარ დუმბაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდიც იფუნქციონირებს.
ნოდარ დუმბაძის დარბაზში განთავსდება მწერლის გამოცემები სხვადასხვა ენაზე, ასევე მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა, ხელნაწერები და წიგნები, რომლებიც დღემდე შვილის, ქეთევან დუმბაძის არქივში ინახებოდა.
დარბაზში ნოდარ დუმბაძის ფონდი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებებს, წიგნის პრეზენტაციებს, მწერლებთან და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავს.
”დარბაზი დატვირთული იქნება ღონისძიებებით. ჩატარდება როგორც თანამედროვე წიგნების პრეზენტაციები, ასევე საბავშვო ღონისძიებები. კვირაში სულ ცოტა ერთი ღონისძიება მაინც გაიმართება. ასევე ვგეგმავთ საკვირაო სკოლის მოწყობას, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს, არამედ თანამედროვე ლიტერატურასაც გაეცნობიან. დარბაზის მიზანი სწორედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზება იქნება. აქ უკვე განთავსებულია ლიტერატურის ნაწილი. დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულების ერთგვარი ”ბილეთიც”  თითო წიგნის მოტანა იქნება”, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები