ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სამას“ ორგანიზებით, უწმინდესისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სამას“ ორგანიზებით, თბილისის „არტ ჰოლში“, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მემკვიდრეობა“.
ანსამბლი „სამა“ მოღვაწეობის 15 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა არაერთი მოსწავლე აღზარდა. ანსამბლი სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა შემოქმედებით და საქველმოქმედო ღონისძიებებში, საერთაშორისო ფესტივალებში. არის მრავალი პრიზის და დიპლომის მფლობელი. ანსამბლი დაჯილდოებულია დიპლომით ფესტივალებზე -„ ოქროს მართვე“, „ბრავო 2007“, „მშვიდობა ბავშვებს“, „ოქროს საწმისი“.
2010 წელს „სამამ“ იმოგზაურა იტალიაში, მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე, საიდანაც ოქროს თასი ჩამოიტანა.
ანსამბლის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი ნათია ალფაიძე, რომელიც იყო  ანსამბლ „როკვას“, „მხედრულის“, „სუხიშვილების“ მოქმედი მოცეკვავე.
როგორც „კვირას“ მან განუცხადა, 2017 წელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო წელია და სწორედ ამ თარიღს მიუძღვნეს „სამას“ სოლო კონცერტი და მაყურებლის წინაშე სრული რეპერტუარით წარდგნენ.
„ანსამბლი დამეგობრდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მემკვიდრეობასთან“ და მასთან ერთად უწმინდესისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. ერთობლივად ვგეგმავთ საბერძნეთსა და ამერიკაში ქართული კულტურის დღეების მოწყობას.
შევხვდით პატრიარქს, მივიღეთ კურთხევაც. კონცერტის კმაყოფილი ვარ, ანსამბლის წევრებმა შეძლეს „სამას“ ხელწერის და საკუთარი თავის წარმოჩენა“, – განაცხადა ქორეოგრაფმა ნათია ალფაიძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები: „ერქვანი“ და „ბანი“.
გაიმართა უწმინდესის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი  ფოტოგამოფენა.
მნიშვნელოვანია ანსამბლის სახელწოდება – „სამა“. სიტყვა „სამა“ სულხან საბა-ორბელიანის ლექსიკონში „ცეკვას“ ნიშნავს. ლოგოს პირველი ასო-ბგერა „ს“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში „გელათის ოთხთავშია“ დაცული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები