თამარ ერისთავის ხსოვნის საღამო გაიმართება

28 აპრილს, 17 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ.N 13) გაიმართება პოეტისა და მთარგმნელის – თამარ ერისთავის  ხსოვნის საღამო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა, ივანე ჯაფარიძემ განუცხადა, საღამო საიუბილეოა და პოეტის დაბადების 85 წლისთავს მიეძღვნება.
თამარ ერისთავმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1956 წელს.
1960-1973წწ. მუშაობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1974-1993წწ. ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. მონაწილეობდა მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართული გამოცემის რედკოლეგიის მუშაობაში. პირველი ლექსები  1954 წელს გამოაქვეყნა.
თამარ ერისთავის პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია: „იარე მზეზე” (1965), „ლექსები” (1975), „იალკიალი”(1981), “ლექსები” (1984), “ვარსკვლავიანი ცის ქვეშ” (1986). მის ლექსებში გაცოცხლებულია საქართველოს ისტორიულ გმირთა სახეები („ცოტნე დადიანის მოლანდება”, 1969; „გორგასლის დაბრუნება”, 1967 და სხვ.). წარსულის სურათები („ძველ სამარხებთან”, 1976; „კავთის ციხესთან”, 1969; „ზმანება ვანის სამრხებთან”, 1972) და სხვ. თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979). თარგმნა რ. ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა” (1964). ჯ. ბაირონის, ჟ. პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნ. ტიხონოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები