საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა ივნისში დაიწყება

“საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა ივნისში დაიწყება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც პროექტის ინიცირება მოხდება, საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყება, კომისია რეგიონებში გავა და მოსახლეობას შეხვდება, რათა მათ ის ცვლილებები გააცნონ, რაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს.
“ამის საფუძველზე, საპარლამენტო განხილვები ივნისში დაიწყება. ასეთ რეჟიმში პარლამენტი იმ დამატებით ცვლილებებზე იმსჯელებს, რომელიც შეიძლება, კონსტიტუციურ კანონში შევიდეს. შეიძლება, პროექტში ნებისმიერი ტიპის ცვლილებები შევიდეს. ეს დამოკიდებული იქნება როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, ასევე საპარლამენტო განხილვებზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმასაც გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე სახალხო განხილვას იწყებს.
“გვაქვს დღის წესრიგი , რომლის მიხედვითაც საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩატარდება. კანონმდებლობისა და კონსტიტუციის თანახმად, ეს განხილვა პარლამენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩატარდება და ამ განხილვის საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ის დოკუმენტი მომზადდება, რომელსაც კენჭი საქართველოს პარლამენტში ეყრება“, – განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები