სემეკის თავმჯდომარე ”ინტერ რაოსა” და საქართველოს მთავრობას შორის მოსალოდნელ საარბიტრაჟო დავას ეხმაურება

​სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა ”ინტერ რაოსა” და საქართველოს მთავრობას შორის მოსალოდნელ საარბიტრაჟო დავას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ტარიფების დათვლა სემეკის ექსკლუზიური უფლება და ვალდებულებაა. მილორავას განცხადებით, ტარიფში ასახულია ყველა გონივრული და დასაბუთებული ხარჯი, რომელიც სატარიფო მეთოდოლოგიით ექვემდებარება ტარიფში ასახვას.
„2016 წელს „ინტერ რაომ“ მომართა სემეკს იმ სატარიფო განაცხადის ფორმით, რომელიც დამტკიცებული აქვს კომისიას. მათ წარმოადგინეს ყველა ხარჯი, რაც გაწია კომპანიამ, შესაბამისად, კომისიამ მოახდინა დანახარჯების აუდიტი და ტარიფში ასახა ყველა ის გონივრული და დასაბუთებული დანახარჯი, რომელიც ჩვენი მეთოდოლოგიით ექვემდებარება ტარიფში ასახვას”, – განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე განცხადებით, ტარიფების დათვლა სემეკის ექსკლუზიური უფლებაცაა და ვალდებულებაც.
“ჩვენ 2014 წელს შევიმუშავეთ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ყველა კომპანიისთვის ერთნაირია. შესაბამისად, ჩვენ ტარიფები 2015-2016 წელს სწორედ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დავთვალეთ. რასაც ინვესტორი კომპანია მიუთითებს, ეს არის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, რომელიც მას აქვს გაფორმებული მთავრობასთან. კომისიამ არ გაითვალისწინა მემორანდუმის პირობები, გაითვალისწინა სემეკის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობები. სატარიფო მეთოდოლოგია კომპანიებისთვის ითვალისწინებს ყველა დასაბუთებული ხარჯის ასახვას ტარიფში. რაც შეეხება დეტალებს, მასზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მემორანდუმის მხარე კომისია არ არის. მემორანდუმს, რა თქმა უნდა, იურიდიული ძალა აქვს, თუმცა ის, რომ ჩვენ დავთვალეთ ტარიფები მეთოდოლოგიის საფუძველზე, ეს არ ნიშნავს, რომ იგი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს იმ შედეგისგან, რაც შეიძლება მიღებულიყო მემორანდუმით”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
​სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, ტარიფების გადახედვა ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოხდება, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად. წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ გადაიხედება ელექტროენერგიის ტარიფები, რადგანაც იწყება ახალი სამწლიანი რეგულირების პერიოდი. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “ინტერ რაოსა” და საქართველოს მთავრობას შორის დავა საარბიტრაჟო სასამართლომდე მისული არ არის.
“ინტერ რაო” საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის – ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულ მილიონიან ზარალზე საუბრობს. რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ინტერ რაო“ საქართველოს მთავრობისგან ათეულობით მილიონ დოლარს ითხოვს. შეტყობინება საინვესტიციო დავის დაწყებაზე უკვე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებს. რუსული მედიის ცნობით, კომპანია საინვესტიციო დავას იწყებს და ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები