“ირან-საქართველოს შორის ძირძველი კავშირებია და ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას”

ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ესჰაყ ჯაჰანგირის განცხადებით, ირან-საქართველოს შორის ძირძველი კავშირები არსებობს და სწორედ ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას. ამის შესახებ მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ირანი და საქართველო მდებარეობენ ერთი ცივილიზაციის არეალში, გააჩნიათ ძალიან ბევრი საერთო ისტორიული და კულტურული ფაქტორი, ძირძველი კავშირები და სწორედ ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას.
წინა შეხვედრებზე მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია მათი შესრულების პროცესის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ დერეფნის საწყისი ქვეყნებია ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო შავი ზღვისპირეთი, ან – ირანი-სომხეთი-საქართველო შავი ზღვისპირეთი.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ოთხმხრივი შეთანხმება ირან-საქართველო-სომხეთ-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის თაობაზე, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის გაცვლა. მხარეებმა ხაზი გავუსვით საბანკო ურთიერთობების აუცილებლობას, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარდეს სავაჭრო თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, ამ მხრივ შედეგს მალე მივაღწევთ.
ასევე, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხელი მოეწერა ოთხ მნიშვნელოვან დოკუმენტს, ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.
მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცალსახაა – ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა. გვჯერა, მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები