დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისში დასუფთავების აქციები იმართება

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივმა თვითმმართველობები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. დასუფთავების მასშტაბური აქცია ამ წუთებში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქციები თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე ჩატარდება. კამპანიის მხარდამჭერებია: შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“;
კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს, გარემოს დაცვის მინისტრი და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კონკურსს გამოაცხადებს თემაზე:
● სუფთა რეგიონი
● სუფთა ქალაქი
● სუფთა მუნიციპალიტეტი
● სუფთა სოფელი
● სუფთა ქუჩა
● სუფთა ეზო
კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ამერიკელმა სენატორმა, გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დაარსა, რაც სანტა-ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ. ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები