არჩილ თალაკვაძე: ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ ახალი კანონი, პირდაპირ უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს და უსაფრთხოების დაცვას

 ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანების უსაფრთხოების დაცვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სატელეფონო ჩართვისას, პარლამენტის მიერ ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საბოლოო მოსმენით დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უფრო უსაფრთხო ქვეყნისკენ გადადგმული ნაბიჯი არის დღევანდელი დღე.
”მეცხრე მოწვევის პარლმენტმა აიღო ძალიან კარგი სტარტი ყველა მიმართულებით, მათ შორის, არის ეს მნიშვნელოვანი რეფორმა – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მივიღეთ მესამე მოსმენით. როგორც დავპირდით საზოგადოებას, რომ ეს იქნებოდა ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ.
ახალი კანონი ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანების უსაფრთხოების დაცვას. ეს კეთდება თქვენი გულისთვის, თქვენი უსაფრთხოებისთვის.
რაც შეეხება ცვლილებებს, სიახლეებს, ეს არის მართვის მოწმობის გადატანა რეალურ მოძრაობაში და მისი სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს მოგვცემს იმ შედეგს, რომ მძღოლებისთვის კვალიფიკაცია გახდება უფრო მაღალი და საიმედო.
მეორე, ეს არის ქულების სისტემა, რომელიც პრაქტიკულად თანაბარ პირობებში აყენებს იმ მძღოლებს, რომელთაც თავისუფლად შეეძლოთ ჯარიმის გადახდა იმ მძღოლებთან, ვისაც არ შეეძლოთ ჯარიმის იოლად გადახდა.
ეს არის უკონტაქტო პატრულირება, რომელიც არის აპრობირებული პრაქტიკა არაერთ დასავლურ ქვეყანაში, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი. ეს არის ერთიანი ანალიტიკური ოპერატიული ცენტრი, რომელიც ინფორმაციების ერთიან დამუშავებას უზრუნველყოფს და პოლიტიკის დაგეგმვაში მნიშვნელოვნად დაეხმარება სახელმწიფოს.
ეს არის ადმინისტრირების გამკაცრება ავარიის ძირითად მიზეზებზე და სხვა ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში არის შემოთავაზებული. პრაქტიკულად ამავე დღეს, როდესაც დავამტკიცეთ ეს კანონმდებლობა, ეთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შემდეგი 2 თვის განმავლობაში მაქსიმალურად მოახდინოს მოსახლეობის, მძღოლების, მგზავრების და ქვეითების ინფორმირება ამ ცვლილებების შესახებ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები