მიხეილ ჯანელიძე: გამოვთქვამთ მზადყოფნას, უკრაინას გავუზიაროთ ოკუპირებული ტერიტორების თემატიკაზე ქართული გამოცდილება

გამოვთქვამთ მზადყოფნას, უკრაინას გავუზიაროთ ოკუპირებული ტერიტორების თემატიკაზე არსებული გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს, რაც გარდა მჭიდრო, მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე, იყვნენ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი.
“საქართველოსა და უკრაინას მსგავსი პრობლემები და გამოწვევები გააჩნიათ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო და აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ უკრაინასთან თანამშრომლობას და მის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, უკრაინას გავუზიაროთ ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზე არსებული ქართული გამოცდილება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის 2008 წლის 12 აგვისტოსა და მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას. “ჩვენი საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო ასპარეზზე თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით, ყურადღება გავამახვილეთ საერთო ძალისხმევით გაგრძელების აუცილებლობასა და ასევე პოზიციონირების მნიშვნელობაზე.
მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს გულისხმობს. ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გვაქვს ხელშესახები წარმატებები, თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი მეტია, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ევროინტეგრაციის გზაზე მეტ წარმატებას მივაღწევთ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძემ უკრაინელ კოლეგას ევროპარლამენტის კენჭისყრის პოზიტიური შედეგი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები