გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვევა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან.
გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. მათ შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე – ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. საქართველოს მთავრობის მეთაური და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი