გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ. უნგრეთის მხარეს კი, უნგრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები წარმოადგენდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს და იგი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, რომელსაც ძლიერი იდენტობა გააჩნია. ვიქტორ ორბანმა დაადასტურა უნგრეთის ინტერესი და სურვილი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების და ვაჭრობის უფრო მეტად წახალისების მიმართულებით. საუბარი შეეხო ასევე, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, საქართველოზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე.
​როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად.
„ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ ის ხედავს საქართველოს ერთიან, ევროპულ სივრცეში, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე ევროპისათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-გეოპოლიტიკურ პარტნიორად”, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები