”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

”ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, რომ პლებისციტი დანიშნოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.
”ევროპული საქართველოს ინიციატივაა, საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემასა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს, სურს თუ არა მას პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა, რომ ჰყავდეს საქართველოს. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, ამიტომ მე პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მას დავემორჩილები, ვაღიარებ და ხმას მივცემ. იმავეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიებისგან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთანავე, დავით ბაქრაძე ”ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღების საშუალება ხალხს მისცეს.
„ ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. უმაღლესი განაჩენი ქართველი ხალხის სიტყვაა. თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფათ პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხონ ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან, ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, რა სურს ქართველ ხალხს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები