გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება

“საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.
​მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია “Wizzair”-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთა შორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას.
ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას.
​”მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების გზები. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან უნგრეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები, თქვენი დელეგაციის წევრები. გაიმართება ბიზნესფორუმი, ასევე, დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, ასევე, მისი შემდგომი დატვირთვისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები