ეკა ბესელია მოსამართლეების შეურაცხყოფის ფაქტებზე ახალი რეგულაციების დაწესების თაობაზე დისკუსიის გახსნას მიესალმება

“ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ურიგო არ იქნება, რათა გარკვეული ჩარჩო არსებობდეს”, – ასე ეხმაურება მოსამართლეების შეურაცხყოფის ფაქტებზე ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეების შეურაცხყოფის საკითხს კანონპროექტის სახე ჯერ არ აქვს.
„გარკვეული არგუმენტები შემოთავაზებულია, თუმცა ამას არავითარი სახე არ აქვს, არც კანონპროექტის და არც რაიმე საკანონმდებლო წინადადების. მოსაზრების, დისკუსიისა და განსჯის ეტაპზე, საუბარია, რომ გარკვეული ზღვარი იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებასა და იმ დასაშვებ კრიტიკას შორის, რომლის მიღმაც უკვე შეიძლება სასამართლოს შეურაცხყოფის ან ზემოქმედების შემადგენლობა იყოს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ მოქმედი ნორმაა, რომელიც სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას ან ხელის შეშლას ეხება და ეს ისედაც დასჯადი ქმედებაა, მაგრამ რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, თქვენ იცით, რომ კონვენცია და კონსტიტუცია ამ უფლებას იცავს, მაგრამ ეს აბსოლუტური უფლება არ არის. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს და შეგვიძლია, აქედან ვიხელმძღვანელოთ, როდის შეიძლება კრიტიკა დასაშვებად ჩაითვალოს და როდის ირღვევა ადამიანის პატივი და ღირსება. ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ურიგო არ იქნება, რათა გარკვეული ჩარჩო არსებობდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები