დიმიტრი ქუმსიშვილი: სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის” მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება

„სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის” მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება,” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის” მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ტონი სტრინგერსა (Tony Stringer) და რიჩარდ ფრენსისთან (Rochard Francis) შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. მხარეებმა  საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში  მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს.
„სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის” წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავის მხრივ, განცხადება გააკეთა “Fitch Ratings” – ის” მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმაც.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით,” – განაცხადა “Fitch Ratings” – ის მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა.
შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები