სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ.
როგორც ”კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, დეპუტატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე ის რეფორმები გააცნეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა პარლამენტისა და კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში.
დეპუტატებმა გენერალურ მდივანს გააცნეს კომიტეტის პრიორიტეტები, კერძოდ, ადამიანის უფლებების ინსტიტუციური გარანტიების გაუმჯობესება, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური უფლებები.
ტორბიორნ იაგლანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მონიტორინგის მიმართულებით, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წამყვან როლს მიესალმა. მან ქართულ მხარეს შემდგომი რეფორმირების პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ბოლო წლებში. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამ მიღწევების კვალდაკვალ საქართველომ დაიმსახურა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ქვეყნებიდან გადმოვიდეს პოსტ-მონიტორინგის ქვეყანათა ჯგუფში.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები შეხვდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიუნტერ შირმერს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კოტე კორკელიას აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით. დეპუტატების ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები