მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს

“ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და მისი ყოველწლიური განხილვა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოში კონფლიქტებს შეეხება.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს.
„ეს მხარდაჭერა კარგად აჩვენებს, თუ როგორ არის იზოლირებული რუსეთის ფედერაცია და მისი ყოველგვარი აგრესიული ქმედება შესაბამის სამართლებრივ შეფასებას ჰპოვებს შესაბამის ორგანიზაციებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ასევე, ყველა ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მოხსენებას, სადაც აღწერილია აბსოლუტურად ყველა ის ქმედება და დარღვევა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ასევე, სხვა ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს, რუსეთის ფედერაციის ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, მოუწოდებს მას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ასევე, ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. საქართველო გააგრძელებს თავის კონსტრუქციულ, სამშვიდობო პოლიტიკას, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები