საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ხარშილაძის სასამართლოში მიყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:
“განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძის პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოში მიყვანის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს:
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, დავით ხ.-ს მიმართ.
სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დავით ხ.-ს ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
წესისამებრ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწვეულ იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან. ღია სასამართლო სხდომაზე დავით ხ.-ს განემარტა უფლებები, მათ შორის წარმომადგენლის დახმარების უფლების თაობაზე.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომა ექიმ-ნარკოლოგის პროცესზე მოწვევის მიზნით, 2017 წლის 4 მაისს 13:00 საათისთვის გადაიდო, დავით ხ.-ს სრული შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარებით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დავით ხარშილაძის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს, რომ საქმის კურსში მისი არც ერთი ადვოკატი არ ყოფილა.
მისივე განცხადებით, ბრალდებული სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისთვის გადაიყვანეს.