“უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყანას მთავარსარდლის გარეშე დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხობას საფრთხეს შეუქმნის”

“უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყანას მთავარსარდლის გარეშე დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხობას საფრთხეს შეუქმნის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
„როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როდესაც სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხის წყარო – რუსეთის ფედერაცია არ იღებს ვალდებულებას ძალის არ გამოყენებაზე საქართველოს წინააღმდეგ და მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, როდესაც რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ჩართულია ან ომში ან კონფლიქტში და არსებობს კრიზისების გადმოდინების მაღალი ალბათობა და საფრთხე, ამ ვითარებაში ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია კი აუქმებს უშროების საბჭოს, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, სადაც თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, ომისა და მშვიდობის საკითხები განიხილება და ქვეყანას ტოვებს ქმედითი მთავარსარდლის გარეშე.
დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, რომელიც მიუხედავად იმისა,  არის თუ არა ის დეტალებში ჩართული, ნათლად დაინახავს იმ საფრთხეებს, რომელიც ამ ცვლილებებიდან მოდის და შესაბამის სიტყვას იტყვის“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ნაცვლად მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ეროვნული თავდაცვის საბჭო იფუნქციონირებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები