„ნატოს სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება”
“ნატოს სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ რადიო „თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „დილის საუბრებში” სტუმრობისას განაცხადა.
„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს წევრობისთვის. ეს არ არის ჩვენი განაცხადი, ეს არის დაფიქსირებული როგორც მინისტრების დეკლარაციაში, ასევე, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით, 25 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს მინი სამიტი მთლიანად უკავშირდება აშშ-ისა და ალიანსის სხვა წევრების შემდგომი ურთიერთობების განხილვას და პოზიციების შეჯერებას.
“სამიტის ფარგლებში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი – მონტენეგროს წევრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ღია კარის პოლიტიკის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი სიგნალია ყველასათვის“, -აღნიშნა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით, ნატო და ალიანსის წევრი ქვეყნები ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და დღეს საქართველოს გააჩნია ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.
„ჩვენი პრაქტიკული ინსტრუმენტებია, პირველ რიგში, ყოველწლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქათველოს კომისიის ფორმატი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი პაკეტი საქართველოს ხდის სრულად თავსებადს ნატოსთან და ასევე, აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, რაც ასევე, წარმოადგენს ერთ-ერთ წინაპირობას წევრობისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხზე, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ამ პროცესს უდგება პრაგმატულად და მუშაობს პრაქტიკულად, როგორც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების, ასევე, ალიანსში კონსენსუსის მიღწევის საკითხებზე. მინისტრის შეფასებით, საქართველოს ნატოსთან აქტიური დღის წესრიგი აქვს. მისი თქმით, ამის დასტურია 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოში გასამართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს.