მიხეილ ჯანელიძე: ნებისმიერი ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

0

„ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს, პირველ რიგში, არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების” დილის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.
​მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გავლით სომხეთში სატრანზიტო გადაზიდვების აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
„2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმება ორ წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს შეეხება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის კონტროლს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი – მესამე მხარის მიერ განხორციელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის დაკვირვება, რაც შესაბამისად, გულისხმობს მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯანელიძის განმარტებით, ეს არის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რაც მხარეების მიერ სხვა ვალდებულებებს არ გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი