მაკა ჩიჩუა: პანკისელ ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა
საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ღონისძიება „ეთნიკური ქართველი და ქისტი ახალგაზრდები თანამშრომლობენ განვითარებისა და დასაქმებისათვის” გახსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა კულტურულ ცენტრ „ფაბრიკაში” გაიმართა და მასში მონაწილეობა პანკისის ხეობიდან და ახმეტიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი ინიციატივა მიზნად ისახავს ეთნიკურ ქართველებსა და ქისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერას. ინიციატივა ორიენტირებულია ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, მათ დასაქმებასა და ერთობლივი სათემო პროექტების განხორციელებაზე.
„პანკისი ძალიან საინტერესო რეგიონია. მინდა აღვნიშნო, რომ იქაურ ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი პროექტი დააფინანსა პანკისის ხეობაში, ამიტომ დამაინტერესა, რამდენად წარმატებით მიმდინარეობდა ეს პროექტები. ამისათვის ჩავედი პანკისში, შევხვდი უამრავ კრეატიულ ახალგაზრდას, რომლებსაც სწავლა და განათლება სწყურიათ. გავეცანი პროექტების მიმდინარეობას და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქართველი და ქისტი ახალგაზრდების კიდევ უფრო დამეგობრებას. მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და გვაქვს საშუალება, ერთმანეთს გავუზიაროთ სხვადასხვა პროექტებით მიღწეული შედეგები”,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის Action Against Hunger-ის ორგანიზებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.