საპარტნიორო ფონდმა “NATA Holding”-თან მემორანდუმი გააფორმა

საპარტნიორო ფონდმა თურქულ კომპანია “NATA Holding”-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და “NATA Holding”-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ჯან თექინ ილდირიმერიმ მოაწერეს ხელი.
„თურქეთი ჩვენი მეგობარი და მთავარი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ “NATA Holding”-თან. იგი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით და მასთან თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება,“ -განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. მხარეები შეისწავლიან “NATA Holding”-ის პორტფელში შემავალ ქარხნებს, მათ საწარმოო ხაზებს და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ.
“NATA Holding”-ი თურქული მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება, ის თურქეთის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები