მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც სამომავლოდ კარგ შედეგს უზრუნველყოფს

,,ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო კომისიაში, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, აგრძელებს მუშაობას”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც სამომავლოდ კარგ შედეგს უზრუნველყოფს.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მარტო ნამდვილად არ რჩებიან. ვიცი, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. საკონსტიტუციო კომისიამ პრაქტიკულად, უკვე დაასრულა მუშაობა. დოკუმენტზე მსჯელობა გაგრძელდება საყოველთაო განხილვების ფორმატში, შემდგომ მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში და დაიწყება სასესიო განხილვები. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც სამომავლოდ, ბევრ კარგ შედეგს უზრუნველყოფს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 17 წევრი გამოაკლდა. კერძოდ, კომისიიდან გავიდა ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელიც, ჯამში, 14 წევრით იყო წარმოდგენილი. ამასთან, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ ჩაერთო კომისიის სამი წევრი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები