გიორგი მარგველაშვილი – ორპალატიანი პარლამენტი პარლამენტს ბევრად უფრო ქმედით სისტემად აქცევდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, კომისიამ პარლამენტის გაძლიერების ნაწილში რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენში არსებობს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 24-წლიანი ტრადიცია, რომელიც უკვე ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია.
„ის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით, ძირითადად, ფედერალური მოწყობის ქვეყნებია და იქ არის ორპალატიანი პარლამნეტი.
სრულიად გაუგებარია ჩემთვის, როცა კონსტიტუციის ფუნდამენტურ გადასინჯვაზე იყო საუბარი, საპარლამენტო რესპუბლიკის და პარლმენტის გაძლიერების ნაწილში კომისიის წევრებმა როგორ არ განიხილეს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.
ორპალატიანი პარლამენტი პარლამენტს რეალურად აქცევს ბევრად უფრო ქმედით სისტემად; ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების შტოთა გარკვეული გაწონასწორების ფუნქციას ახორციელებს, სუსტი პრეზიდენტის არსებობის პირობებში; ორპალატიანი პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი რეგიონების თემა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელიც კამპანიის – „კონსტიტუცია ყველასია”  ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა.
“პრეზიდენტის ფუნქციები შესუსტებულია, ფაქტობრივად, არც ერთი ფუნქცია არ არის დატოვებული. მას სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა და პრემიერ-მინისტრის მიმართულებით არის გადასული ეს ფუნქციები.
ამ ვითარებაში, ჩვენ რეალურად, ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარალამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას არ უკითხავს ხალხისათვის, სურდა თუ არა, რეალურად, საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლა.
„ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა? ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო?
ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობის და უარესობის თემა? არავის. ეს გადაწყდა, მაგრამ სად გადაწყდა, გაუგებარია.
არადა, კონსტიტუციის მიმართულებით, მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები