კამპანიის – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, რაიონებში ღონისძიებები გამართა

0

პროკურატურამ, პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონის პროკურატურების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს.
​პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ერას მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეჰმედ აბაშიძის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელები სხვადასხვა ნახატებით მოხატეს, რომლებიც ზებრა გადასასვლელებს უფრო შესამჩნევს და ესთეტიკურს გახდის. ასევე, სტუდენტებმა გზის სავალ ნაწილზე ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე სხვადასხვა ნახატები შეასრულეს.
ავტოსაგზაო შემთხვევების თემაზე მოსახლეობასთან საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა გამართეს ხაშურის რაიონის პროკურატურის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრები მონაწილეობდნენ, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევებთან და სატრანსპორტო დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე, მოსახლეობასთან განიხილეს ისეთი სახის ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. შეხვედრაზე აჩვენეს შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალაც.
​ზესტაფონის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. ავტოსატრანსპორტო დარღვევების პრევენციის, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ჩატარდა ლექცია-სემინარი ბოლო პერიოდში გახშირებულ სატრანსპორტო დანაშაულებზე.
საჩხერის რაიონის ავტოსკოლის მსმენელებთან საჩხერის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სატრანსპორტო დანაშაულების საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია ავტოსაგზაო დარღვევებსა და სატრანსპორტო დანაშაულებზე, მძღოლების პასუხისმგებლობაზე და საფრთხეებზე, მძღოლების თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე.
საქართველოს პროკურატურა კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი