მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება

2017 წლის 27-29 აპრილს გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“ მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენზე გიწვევთ.

“არსებობის 58-წლიანი ისტორიის მანძილზე, თითქმის ორი ათეული წელია, ცენტრი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია “ექსპო ჯორჯიას” საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს, სტუმრები და გამოფენების მონაწილეები მუდმივად სიახლეების მოლოდინში არიან.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, HoReCa-Expo-2017 წლის სიახლედ მიიჩნევა. გამოფენაზე გაეცნობით სასტუმროებისა და რესტორნების აღჭურვილობის, აპარატურის, ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიებს. HoReCa-Expo-ერთგვარი საკონსულტაციო ფორუმი იქნება ბიზნესგადაწყვეტილების მიმღებთათვის – ახალი პროდუქტის შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მიმწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოებლად და შესყიდვების განსახორციელებლად.

მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, უკვე მესამედ, ტურისტული ფასდაკლების ფესტივალი ჩატარდება. დამთვალიერებლები, კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით, დასვენებისა და მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას შეძლებენ. გამოფენის და ტურისტული ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები, ავია სააგენტოები და სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სანატორიუმები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული და სამოგზაურო ინვენტარის კომპანიები, ბიზნეს, სათავგადასავლო და ეკოტურისტული და საკონსულტაციო კომპანიები.

,,გურული დღიურების კვალდაკვალ“ – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი გიორგი კეკელიძე მკითხველს საგამოფენო დარბაზში ელის.

,,სად ტურიზმი და სად ფილოსოფია?!“ – ამ თემაზე ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ბლოგერი, მუსიკოსი ანდრო დგებუაძე წაიკითხავს.

,,თბილისური კატალოგი“  კი დედაქალაქის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების ფოტოკოლაჟებს გვთავაზობს, რომელთაც არქიტექტორი და ფოტოხელოვანი ნოდარ სუმბაძე წარადგენს.

27-29 აპრილს საგამოფენო ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“ გრანდიოზულ ფასდაკლებებს, სპეციალური შეთავაზებებს, კონკურსებს, წარდგინებებს, სახალისო გათამაშებებს და გასართობ ღონისძიებებს ჰპირდება ვიზიტორებს.

შეგახსენებთ,  არასტაბილური საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.97%-ს შეადგენს. ტურიზმის სექტორში 179 000 ადამიანია დასაქმებული. 2017 წლის იანვარი – მარტის მონაცემებით საქართველოს 1 266 125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.4%-ით მეტია.

2016 წელს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას 9 ქვეყნის 3 527 ვიზიტორი ჰყავდა. მონაწილეთა 92% ვიზიტორთა კვალიფიკაციას დადებითად გამოეხმაურა, ხოლო 84%-მა 2017 წლის გამოფენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ღონისძიების ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და Welcome To Georgia! National Tourism Awards.

ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
+995 32 234 11 00
E-mail: expo@expogeorgia.ge
Web-site: www.expogeorgia.ge“.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები